воскресенье, 12 августа 2018 г.

კარლოს დიდი ---„ევროპის მამა“ 768-814 წწ

                                                        ფრანკათა იმპერია 
                                კარლოს დიდი ---„ევროპის მამა“   768-814 წწ

კარლოს დიდის სახელწიფო მხოლოდ ტერიტორიით კი არ იყო ვრცელი, ეკონომიკურადაც გაძლიერდა.  გლეხებისა და ხელოსნების  შრომით შენდებოდა სოფლები და ქალაქები; აღმოცენდა ბევრი ახალი ეკლესია და მონასტერი. მიუხედავად ამისა, კარლოსს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა: ბუნებით გონიერი მეფე, უწიგნური იყო, რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა , მაგრამ თავის სახელსაც კი ძლივს წერდა. კარლოსის ბრძანებით, მთელს იმპერიაში და მის გარეთაც, მოძებნეს განათლებული ადამიანები და სამეფო სასახლეში ჩამოიყვანეს.  მისი ბრძანებით შეიქმნა სასწავლებელი, რომელსაც სასახლის კარის  აკადემიას  უწოდებდნენ. კარლოსისი აკადემიაში  იმ დროისთვის ცნობილი ადამიანები ასწავლიდნენ. მაგალითად: ანგლოსაქსი ბერი ალკუინი, ლანგობარდი დიაკვანი პავლე, გოთი ეპისკოპოსი თეოდულფი და სხვები. კარლოსი დიდ პატივს სცემდა თავისი სასახლის კარის მდივანს აინჰარდს, რომელმაც აღწერა კარლოს დიდის ცხოვრება.
მონასტრებთან იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები გადამწერებისა, რომლებიც წიგნებს ამრავლებდნენ. ასეთ დაწესებულებებს სკრიპტორიუმები ეწოდებოდა. 
კარლოს დიდი განსაკუთრებით ზრუნვას იჩენდა ქალაქ აახენის მიმართ, სადაც ის ხშირად იმყოფებოდა . კარლოსის ზრუნვას განათლებისა და კულტურის აღორძინებისთვის სასურველი შედეგი მოჰყვა. დასავლეთ ევროპაში კულტურა სწრაფად განვითარდა.






ისტორიკოსი აინჰარდი კარლოს დიდი პიროვნებაზე
1.კარლოსი იყო მხარბეჭიანი, მაღალი, მაგრამ არა მეტისმეტად. ჰქონდა მრგვალი თავი , თვალები დიდი და ცოცხალი, ზომაზე ოდნავ დიდი ცხვირი, ლამაზი ჭაღარა, მხიარული და მიმზიდველი სახე.
2. უყვარდა ვარჯიში, ცხენოსნობა და ნადირობა.
3.ყოველთვის ეცვა ფრანგული ტანსაცმელი- ტანზე სელის პერანგი , სელის ქსოვილის საცვლები, აბრეშუმით მოქარგული ტუნიკა და შარვალი. ზამთარში მხრებზე წამოსხმული ჰქონდა სიასმურის ბეწვიანი ტყავი. უცხოურ ტანსაცმელს , რაგინდ ლამაზიც უნდა ყოფილიყო , არ იცმევდა.  მხოლოდ ერთხელ, რომის პაპის ლეოს თხოვნით , ჩაიცვა რომაულ წესზე.
3. ჭამა-სმაში იყო ზომიერი, არ უყვარდა სიმთვრალე და მთვრალი ადამიანი, სადილობის დროს უსმენდა მუსიკას ან ტკბებოდა ნეტარი ავგუსტინეს თხზულებების კითხვით.
5.ის არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ  მშობლიური ენის  ცოდნით, გულმოდგინედ სწავლობდა უცხოურ ენებსაც. შეისწავლა ლათინური, ბერძნული უფრო ესმოდა, ვიდრე ლაპარაკობდა. სწავლობდა ანგარიშს, მას ჩვეულებად ჰქონდა, საწოლქვეშ ჰქონოდა პატარა ფიცარი და ფურცელი , რათა თავისუფალ დროს ევარჯიშა წერაში,  მაგრამ ამ საქმეში მცირე წარმატება ჰქონდა, ვინაიდან ძალიან გვიან დაიწყო ეს საქმე.

 ალკუინის საუბარი მოწაფე პიპინთან
(რას და როგორ ასწავლიდნენ კაროლინგურ სკოლაში, იმდროინდელი გაკვეთილის ნიმუში)

რა არის ასო?---ისტორიის დარაჯი
რა არის სიტყვა?--სულის მოღალატე
რა ბადებს სიტყვას?--ენა
რა არის ენა?--ჰაერის მათრახი
რა არის ჰაერი--სიცოცხლის მცველი
რა არის სიცოცხლე?--ბედნიერთათვის სიხარული, უბედურთათვის ვაება, სიკვდილის მოლოდინი
რა არის ადამიანი?--ვნებების  მონა, გამვლელი მგზავრი, სტუმარი საკუთარ სახლში
რას გავს ადამიანი?--სფეროს
როგორ დგას ადამიანი?--როგორც კანდელი ქარში.
როგორაა გარშემორტყმული? --ექვსი კედლით
რომლებით?--ზემოდან, ქვემოდან, წინიდან, უკნიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან.
რა ცვლილებები ხდება ადამიანში?--ექვსი სახის
სახელდობრ, რომელი?---შიმშილი და სიმაძღრე, შრომა და დასვენება, ძილი და სიფხიზლე.

 ლორშის მონასტრის ბერი წერს:
კარლოს დიდი ბატონობდა რომში, რომელსაც ყოველთვის მართავდა იმპერატორი. ამას გარდა, ის ფლობდა სხვა სამფლობელოებსაც იტალიაში, გალიასა და გერმანიაში, რომელთაც ყოვლის შემძლე ღმერთი იფარავდა. ამიტომ რომში შეკრებილი პაპი და ეპისკოპოსები და ასევე სხვა ქრისტიანებიც ფიქრობდნენ, რომ ფრანკათა მეფე კარლოსისითვის იმპერატორის წოდება მიენიჭებინათ.

 კაროლოგების ისტორიკოსი წერს:
 როდესაც მეფე კარლოს, წმინდა მოციქულის პეტრეს საფლავზე ლოცვისას,პაპმა ლეომ თავზე  სამეფო გვირგვინი  დაადგა და მთელმა რომაელმა ხალხმა შესძახა: „ კეთილშობილ კარლოსს, ღვთისგან გვირგვინკურთხეულს, დიდ და მშვიდოისმყოფელ რომის იმპერატორს, სიცოცხლე და გამარჯვება!“  სადიდებელი გალობის შემდეგ, ძველი წეს-ჩვეულების თანახმად, პაპმა მუხლი ,ოიდრიკა მის წინაშე და თაყვანი სცა  მას, როგორც იმპერატორსა და ავგუსტუსს

 ეს მოხდა 800წლის 25 დეკემბერს-პაპმა ლეონ III -მ კარლოს დიდი რომის იმპერატორად აკურთხა.


1 комментарий:

  1. საინტერესო სტატია თავისი წყაროებით,ევროპის პირველი იმპერატორი კარლოს დიდი სხვა კონტექსტში დავინახე.მადლობა ამ სტატიისთვის დეა.

    ОтветитьУдалить