пятница, 14 февраля 2020 г.

გარნისის ბრძოლა 1225 წელს. (ჯ. სამუშია)

საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანის“ დასასრულად ისტორიკოსები სრულიად სამართლიანად თვლიან ხორეზმელთა ბატონობის იმ ხუთწლიან პერიოდს, როდესაც მტერმა მოახერხა ქვეყნის დედაქალაქის და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რეგიონების ხელთგდება. ხვარაზმელებს მონღოლები მოჰყვნენ და მთელი XIII საუკუნე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ ეპოქად იქცა, რომელსაც ქართული პროზის დიდოსტატმა გრიგოლ აბაშიძემ მოსწრებულად „დიდი ღამის უკუნი სიბნელე...“ უწოდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში კი ეს ეპოქა გამოცხადებულია „ტეხილად“, რომელმაც XIV-XV საუკუნეების „ჩიხისკენ“ გახსნა გზა. (დ. ნინიძე)
უშუალოდ ბრძოლის განხილვამდე ორიოდ სიტყვით შევეხოთ მის გამომწვევ მიზეზებს. 1218 წლის გაზაფხულის პირას ხვარაზმის სამეფოს საზღვრისპირა ქალაქ ოთრარში მონღოლეთიდან წამოსული დიდი ქარავანი შეჩერდა. იგი 450 კაცისგან და 500 დატვირთული აქლემისაგან შედგებოდა. ოთრარში მრავალი ასეთი ქარავანი შესულა, მაგრამ მათი თავგადასავალი ყოველთვის ისტორიკოსების ყურადღების მიღმა დარჩენილა. მაშ, რითი დაიმსახურა მემატიანეთა ასეთი ინტერესი 1218 წლის ადრე გაზაფხულზე ოთრარში მოსულ მონღოლ ვაჭართა ქარავანმა?
ამ პერიოდში ჩინგიზ-ხანის ლაშქარს უკვე დასრულებული ჰქონდა ჩრდილოეთ ჩინეთის დაპყრობა. 1216 წელს მონღოლეთში დაბრუნებულმა ჩინგიზ-ხანმა შუა აზიის საბოლოო დაპყრობა დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას შუა აზიაში ხვარაზმის სასულთნო წარმოადგენდა. ჩინგიზ-ხანი ცდილობდა დაერწმუნებინა ხვარაზმ-შაჰი მუჰამედი (1200-1220), რომ მონღოლებს არ ჰქონდათ მათ წინააღმდეგ არავითარი ცუდი განზრახვა. ამისათვის, ჩინგიზ-ხანი სამშვიდობო მოლაპარაკების საბაბით ელჩებს უგზავნიდა მუჰამედს, გარკვეულად ხელს უწყობდა ხვარაზმთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთი კეთილმეზობლური ურთიერთობების „თამაშით“, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე მოხერხებულად ნიღბავდა რეალურ პოლიტიკურ მიზნებს. უდავოა, მზარდი მონღოლური სახელმწიფო დღეს თუ ხვალ შეეცდებოდა მდიდარი ხვარაზმის დალაშქვრას და ირანისაკენ გაჭრას. ბუნებრივია, ჩინგიზხანის ამ ამბიციური გეგმის შესახებ ხვდებოდნენ ხვარაზმშიც. ასე, რომ შენიღბული მეგობრობის მიღმა, ორ სახელმწიფოს შორის არსებული მძლავრი დაპირისპირება იმალებოდა.
სწორედ ასეთი პოლიტიკური კონიუნქტურა სუფევდა 1218 წლისათვის, როდესაც ქალაქ ოთრარში მონღოლეთიდან წამოსული ქარავანი შემოვიდა. მონღოლეთიდან ჩამოსულ ვაჭართა საქციელი არ მოსწონებია ქალაქის გამგებელს, (ქალაქის გამგებელს რანგისა და ტიტულის მიხედვით უხმობდნენ ინალჩუქად ანუ პატარა ბატონად, ან არადა ქააირ-ხანად ანუ ძლევამოსილ ხანად.) ისინი ჯაშუშებად მიუჩნევია და ამის შესახებ სულთანისათვის შეუტყობინებია. მუჰამედმა ვაჭრების შეპყრობა და დედაქალაქში ჩაყვანა ბრძანა. 450 ადამიანში რამდენიმე მართლაც შეიძლება ყოფილიყო ჯაშუში, მაგრამ ქალაქ ოთრარის გამგებლის გადაწყვეტილება მაინც უკიდურესად რადიკალური აღმოჩნდა. მან მონღოლეთიდან ჩამოსული ვაჭრები ერთიანად ამოწყვიტა, მათი ქონება კი მიითვისა. ამ ტრაგიკულმა ფაქტმა ჩინგიზ-ხანს საბაბი მისცა ხვარაზმის წინააღმდეგ დიდი სამხედრო კამპანია დაეწყო, რაც შემდგომში მონღოლთა დასავლეთით ექსპანსიის დასაწყისად იქცა.
1219 წელს ჩინგიზ-ხანმა ყურულთაი მოიწვია და ხვარაზმის წინააღმდეგ ლაშქრობის სამზადისი ბრძანა. სამხედრო მოქმედებები შემოდგომის პირას დაიწყო. მონღოლებმა პირველი დარტყმა ქალაქ ოთრარზე მიიტანეს. მისი აღების შემდეგ კი ბუხარასა და სამარყანდს შემოარტყეს ალყა. ხვარაზმ-შაჰი მუჰამედმა ვერ მოახერხა მონღოლების წინააღმდეგ სრული სამხედრო მობილიზაციის განხორციელება. მან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც ცალკეული ქალაქების გამაგრებას მიჰყო ხელი. ფაქტობრივად, ჩინგიზ-ხანმა ნაწილ-ნაწილ მოახერხა ხვარაზმის სამხედრო პოტენციალის განადგურება. მონღოლები ცეცხლითა და მახვილით უსწორდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ქალაქ ბუხარის აღების შემდეგ, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა თავი დაეღწია მონღოლთა ტყვეობას. ირანელი ისტორიკოსი ჯუვეინი, ერთ მეტად საინტერესო ამბავს მოგვითხრობს: ბუხარიდან გაქცეული ერთ-ერთი მცხოვრები ხორასანში ჩასულა. ბუხარელ ლტოლვილს უამრავ შეკითხვას უსვამდნენ, იმის თაობაზე, თუ რა მოიმოქმედეს მონღოლებმა მის მშობლიურ ქალაქში. მას სამშვიდობოს მყოფს მონღოლთა შემოსევის საზარელი სურათი ჯერ კიდევ თვალწინ ედგა. მისი პასუხიც ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველი იყო: „მოვიდნენ, მოთხარეს, გადაწვეს, დახოცეს, წაიღეს და წავიდნენ“.
ასეთი იყო რეალური სურათი მონღოლთა თარეშისა. ხვარაზმ-შაჰი მუჰამედი და მისი ვაჟი ჯალალ ად-დინი იძულებული გახდნენ ირანში გაქცეულიყვნენ. ჩინგიზ-ხანმა ხვარაზმ-შაჰს თავისი ორი სარდალი ჯებე და სუბუდაი დაადევნა. 1220 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და მის დაშლილ სამეფოს სათავეში ჯალალ ად-დინი ჩაუდგა.
1221 წელს ქაბულის მახლობლად, ფერვანის რეგიონში ჯალალ ად-დინმა დაამარცხა მონღოლები და საგრძნობ წარმატებას მიაღწია (ჯალალ ად-დინი ფერვანაში შეებრძოლა მონღოლთა არმიის ერთი ნაწილს. ბრძოლა ორ დღეს გაგრძელდა. პირველი დღის დასრულების შემდეგ მონღოლი სარდალი შეეცადა ხვარაზმელთა მოტყუებას და მან საგანგებოდ დამზადებული ფიტულები გამოიყენა, ვითომდა დამხმარე ჯარი მოვიდაო, მაგრამ ამ ხერხმაც არ უშველა და სასტიკად დამარცხდა), მაგრამ ჩინგიზ ხანმა ახალი სამხედრო ექსპედიცია გააგზავნა ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. მონღოლებმა 1221 წლის 24 ნოემბერს მდ. ინდის ნაპირთან სასტიკად დაამარცხეს ხვარაზმ-შაჰი, რომელმაც მცირე რაზმთან ერთად მდ. ინდის გადაცურვა მოახერხა და ინდოეთში გაიქცა. (მონღოლთა მიერ დევნილი ჯალალ ად-დინის მიერ მდინარე ინდის გადაცურვისას ჩინგიზ-ხანს თანამებრძოლთათვის უთქვამს: „მხოლოდ ასეთი შვილი უნდა ჰყავდეს მამასო“.) მიუხედავად წარუმატებლობისა ხვარაზმ-შაჰი წინააღმდეგობას არ წყვეტდა. ინდოეთიდან მან მოახერხა ირანსა და ერაყში გაბატონება. ანტიმონღოლურ კოალიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული გაერთიანდა.
ჩინგიზ-ხანის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებამდე ჯალალ ად-დინმა საქართველოს სამეფოს დამორჩილება გაიხადა მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ხვარაზმ-შაჰი მოახერხებდა საქართველოს დაჩოქებას, კავკასიის მუსლიმური სამყარო უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა ანტიმონღოლურ მოძრაობაში.
ჩრდილოეთ ირანიდან ჯალალ ად-დინმა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების დარბევა დაიწყო. ბუნებრივია, საქართველოს სამეფო კარი არ დაუშვებდა ასეთ მარბიელ ლაშქრობებს და პასუხმაც არ დააყოვნა. საქართველოს სამეფო დარბაზმა მტრის წინააღმდეგ დიდი სამხედრო კამპანიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. 1225 წლის აგვისტოში ადარბადაგანიდან წამოსული ჯალალ ად-დინის დიდი ლაშქარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და დვინის მიდამოებში დაბანაკდა. საქართველოს სამეფო კარმა მთავარსარდლად ივანე ათაბაგი განაწესა. რუსუდანმა მას უბოძა „დროშა სვიანი“.
მებრძოლ მხარეთა ლაშქრის შემადგენლობა და რაოდენობა სომხურ ისტორიოგრაფიაში გარნისში მისული საქართველოს ლაშქარი ცალსახად გამოცხადებულია „სომეხ-ქართველთა გაერთიანებულ“ ლაშქარად. ეს დეტალი სასკოლო სახელმძღვანელოებშიცაა ასახული. რა შემადგენლობის იყო ქართული არმია ჯალალ ად-დინთან ბრძოლაში?
თავიდანვე დავაზუსტოთ ტერმინები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სომეხთა და ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარზე, ჩვენ ვაწყდებით ერთ წინააღმდეგობას. გამოდის, რომ საქმე გვაქვს კოალიციასთან. მაგრამ, როგორც ცნობილია ჩრდილოეთ სომხეთი, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი სამხედრო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და რაიმე განსაკუთრებული უფლებით იგი არ სარგებლობდა. ამდენად, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არანაირი კოალიცია გარნისში არ ყოფილა და იქ საქართველოს სამეფო ლაშქარი იბრძოდა, თუნდაც მასში ყოფილიყო სომხეთის თემებიდან გამომავალი სამხედრო ნაწილები. ამ რეალობას აღნიშნავს თითქმის ყველა საისტორიო წყარო. ჯუვეინი, მაგალითად დასძენს: „ჯალალ ედ-დინმა ქართველთა ბანაკს მიაღწია გარნისის ხეობაში, სადაც ისინი ღვინით მთვრალები და გალეშილები იყვნენო“. ან-ნასავიც ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ გაანადგურა ხვარაზმ-შაჰმა ქართველები.11 სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკელი მოგვითხრობს: „ილაშქრა ივანემ ქართველთა ლაშქარით და განლაგდა მათ მოპირდაპირე მხარეს, ოდნავ ზევით“. იბნ ალ-ასირის ცნობით კი „ჯალალ ედ-დინი ხშირად იმეორებდა „საქართველოში უნდა ვილაშქრო და ქვეყანა დავიპყროო“. ქართულ წყაროებშიც, ცალსახად, საქართველოს ერთიან არმიაზეა საუბარი.
ქართული ლაშქრის შემადგენლობა გარნისზე მერყეობდა 60-70 ათას შორის. XIII ს. დასაწყისში საქართველოს თავისუფლად შეეძლო გამოეყვანა 80-90 ათასი მეომარი. ჩვენი აზრით, გარნისში ჩვენ ვხედავთ სრულიად საქართველოს არმიას. წინამბრძოლად დგანან სრულიად მესხნი. ფლანგებზე განლაგებული იქნებოდნენ „აფხაზნი და იმერნი (მარჯვნივ)“ და „ამერნი და ჰერ-კახნი (მარცხნივ)“. სწორედ ამ ნაწილშია საგულვებელი სომხეთიდან გამომავალი მოლაშქრეთა ყოფნაც (ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც ნაწილი სომხური მიწებიდან გამოსული მეომრებისა მთავარსარდლის რეზერვშიც ყოფილიყვნენ). გარნისის ბრძოლისას გასათვალისწინებელია სომხეთში არსებული პოლიტიკური ვითარებაც. ჯალალ ად-დინის თარეშის ობიექტი სწორედ სომხური მიწებია. სწორედ ამიტომაც საქართველოს სამეფო კარი საგანგებოდ გაამაგრებდა ციხე-სიმაგრეთა მთელ სისტემას ჩრ. სომხეთში. ფაქტია, რომ დვინი, ბიჯნისი, ანისი საგულდაგულოდაა დაცული. ამდენად, ამ მხარეებიდან ჯარის წვევა ნაკლებადაა სავარაუდო. ეს ქალაქები და მათი შემავალი ქვეყანა უშუალოდ „ფრონტისპირა ზოლს“ წარმოადგენდა. ამდენად, მობილიზაციის შემთხვევაში ლაშქრის ძირითადი რესურსი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამომავალ მეომრებს უნდა შეევსოთ. ასე რომ არავითარი ქართულ-სომხური კოალიცია გარნისში არ ყოფილა.
ჯალალ ად-დინის არმია გაცილებით მრავალრიცხოვანი ჩანს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ხვარაზმ-შაჰს 140 000 მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. სომეხი ისტორიკოსის ვარდან არეველცის მითითებით, მუსლიმური კოალიცია 200 000 კაცს მოითვლიდა. ამ ცნობების ანალიზისას ერთი შეკითხვა იბადება: შეეძლო ხვარაზმიდან დევნილ ჯალალ ად-დინს ამ რაოდენობის არმიის მობილიზება? ამ პერიოდისათვის იგი აკონტროლებდა ირანის დიდ ნაწილს. ამასთანავე, საქართველოს წინააღმდეგ ჯალალ ად-დინის მიერ გამოცხადებულ „საღვთო ომში“ მონაწილეობდნენ ერაყის მუსლიმები. საკუთვრივ ჯალალ ად-დინს დაახ. 60 ათასიანი არმიის მობილიზაცია შეეძლო. ამას ემატებოდა მოკავშირეების ძალებიც. მთლიანობაში ეს ციფრი 90-130 ათასამდე მერყეობდა. ამდენად, ხვარაზმ-შაჰს მართლაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად მოეგროვებინა 140 000-მდე ლაშქარი. ჯალალ ად-დინის ბიოგრაფი ან-ნასავი იმასაც დასძენს, რომ ლაშქრის დიდი ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ხვარაზმ-შაჰს უკვე სახლებში ჰყავდა გაშვებული. ეს აშკარად გადაჭარბებული უნდა იყოს, რადგან კავკასიაში და საერთოს მთელს მახლობელ აღმოსავლეთში ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ჯალალ ად-დინი მოუმზადებლად და ნაუცბათევად არ წამოვიდოდა. და რომ ასეთი ვარაუდი მართალია, ჩანს იმავე ან-ნასავის ერთი ცნობიდან, რომ ქართველების წინააღმდეგ წამოსულ ჯალალ ად-დინს გზაზე ავანგარდი შეეგება, რომლებმაც აცნობეს კიდეც მას ქართველთა ადგილსამყოფელი. გამოდის, რომ ხვარაზმ-შაჰს წინასწარ განუხორციელებია ადგილისა და სიტუაციის დაზვერვა. ასეთ შემთხვევაში ლაშქრის დიდი ნაწილის სახლში გაშვება უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორ ვითარდებოდა მოვლენები გარნისის ბრძოლამდე?
დვინის მიდამოების დარბევა ჯალალ ად-დინმა 1225 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყო. მტერი ამ საქმით იყო დაკავებული, როდესაც გარნისში ქართველები მივიდნენ. ჯალალ ად-დინმა მთელი ლაშქრის მობილიზაცია მოახდინა და გარნისში დაბანაკებულ ივანე ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა.
მებრძოლ მხარეთაგან რომელი მივიდა პირველი ბრძოლის ველზე ამის თაობაზე წყაროებში ერთიანი აზრი არ არსებობს. ქართული წყაროს მიხედვით, გარნისში ჯერ ხვარაზმელები, ხოლო მოგვიანებით ქართველები დაბანაკებულან. ჯალალ ად-დინის ბიოგრაფი ან-ნასავი კი პირიქით აღნიშნავს. ქართული, სომხური და არაბული წყაროების შეჯერებით ვითარება ასე წარმოგვიდგება. დვინის ქვეყნის დარბევა ჯალალ ად-დინს 1225 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში უნდა დაიწყო. მტერი ამ საქმით იყო დაკავებული, როდესაც გარნისში ქართველები მივიდნენ. ჯალალ ად-დინმა მთელი ლაშქრის მობილიზაცია მოახდინა და გარნისში დაბანაკებულ ივანე ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ქართველთა ლაშქრის განლაგება ასეთი იყო: წინამბრძოლნი იყვნენ მესხები, რომელთაც შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. მემარჯვენე ფრთაზე დასავლეთ საქართველოდან გამოსული მეომრები „იმერნი“ იდგნენ, ხოლო მარცხენა მხარეს აღმოსავლეთ საქართველოს ლაშქარი  „ამერნი“. ჯალალ ად-დინის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთანის ძმა ღიას ედ-დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალ ად-დინმა მშვილდოსნები განაწესა. გარნისში მისვლისთანავე ჯალალ ად-დინი მიხვდა, რომ ქართველები რატომღაც აყოვნებდნენ ბრძოლის დაწყებას. ამის მიზეზი შეიძლება ის ფაქტი ყოფილიყო, რომ გარნისში ქართველთა ლაშქარი ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან, იმ ვიწრო ხევებით და გადასასვლელებით ჩავიდოდა, რომელიც ძნელად გადასალახავია. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ჯარის ერთბაშად თავმოყრა გარნისში ვერ მოხერხდა. ივანე ათაბაგი დროის გაყვანის ტაქტიკას დაადგა. მას მომგებიანი პოზიცია ეკავა. ქართველთა ძირითადი ნაწილები შემაღლებულ ადგილზე იდგნენ. მიუხედავად ამისა, ჯალალ ად-დინმა თავის მეომრებს მეორე დღეს შეტევაზე გადასვლა უბრძანა. ან-ნასავი მოგვითხრობს: „მთელი ის დღე მას (ჯალალ ედ-დინს) ეგონა, რომ ქართველები ჩამოვიდოდნენ (მთებიდან) საბრძოლველად, მაგრამ (ისინი) არ აპირებდნენ ჩამოსვლას. როდესაც მზე გადაიხარა, სულთანს პატარა კარავი გაუშალეს ცენტრის უკან და მან იქ გაატარა ღამე, ხანებსა და ამირებს კი უბრძანა რიგრიგობით შეეცვალათ ერთმანეთი განთიადამდე... როდესაც დილა დადგა, მან მოიწვია ისინი და უთხრა: „მტერმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბრძოლას აარიდოს თავი და შემოტევის მაგიერ ცდილობს საქმის გაჭინაურებას. ჩვენ გადავწყვიტეთ თავზე დავესხათ მათ, ყველა მხრიდან შევუტიოთ. მაგრამ თუ ისინი შემოგვიტევენ, მაშინ უნდა დავასწროთ და ისრების სეტყვით არ მივცეთ მათ ჩამოსვლის საშუალება...“ ყველაზე ადრე ბრძოლაში ჩაება სულთნის მარცხენა ფლანგი, სადაც იმყოფებოდა მისი ძმა ღიას ედ-დინი, ურ-ხანი, იღან-თაისი და სხვა ემირები“.
ბრძოლის მიმდინარეობა ჯალალ ად-დინის არმიისაგან პირველი ბრძოლა ქართველთა წინამავალმა მიიღო. როგორც ითქვა, ამ სამხედრო ნაწილებს შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. მათ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენიმეჯერ გაუგზავნეს მოციქული, რათა მას ქართველთა არმიის ძირითადი ძალები დაეძრა მტრის წინააღმდეგ. მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობებზე საქართველოს არმიის სამხედრო ნაწილები გაუნძრევლად იდგნენ. ჯალალ ად-დინის არმიამ მესხ წინამბრძოლებს ალყა შემოარტყა. ქართველები, მიუხედავად სიმცირისა, მედგრად ეკვეთნენ მტერს. არც ამ კრიტიკულ მომენტში შეუწუხებია თავი ივანე ათაბაგს ღვთის ანაბარად დარჩენილი ქართველი მეომრების მისაშველებლად. მაგრამ ყველაზე უცნაური ჯერ კიდევ წინ იყო. სწორედ ამ დროს გარნისის ველზე მოულოდნელი რამ მოხდა. ამას წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა. მოყოლებული 1225 წლიდან ეს ამბავი დიდი განსჯის საგნადაა ქცეული. უეცრად ივანე მხარგრძელის ბრძანებით, საქართველოს არმიამ ზურგი აქცია ბრძოლის ველზე მყოფ თანამემამულეებს და უკან დახევა დაიწყო. მთავარსარდლისგან მიტოვებულმა ქართველთა რაზმა თანდათან უკან დახევა დაიწყო. უთანასწორო ბრძოლაში შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები მოუკლეს. მათ ქვეითად განაგრძეს ბრძოლა, მაგრამ მტერი ყოველმხრიდან უტევდა ქართველ მეომრებს. ჟამთააღმწერელი ამ ფაქტს ასე აღწერს: „ხმალნიცა ახალციხელთა განტყდეს ჩაბალახსა ზედაო“. ამ სიტყვებში საოცარი ტრაგიზმი ჩანს. ეს ერთი წინადადება მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს ბრძოლის ველზე დატრიალებულ უბედურებას. ღალატით გამწარებულებს უკანდასახევი გზაც მოჭრილი ჰქონდათ.
ჯალალ ად-დინის მეომრებმა ალყა შემოარტყეს შალვა ახალციხელს და შეიპყრეს. ივანემ მოასწრო და კლდოვან მასივს შეაფარა თავი. მტრის მახვილისაგან გადარჩენილი ივანე კლდეზე ასვლისას, თავისივე თანამებრძოლის მიერ შემთხვევით ზევიდან დაგორებულმა ქვამ იმსხვერპლა. შალვა სასწრაფოდ წარუდგინეს ჯალალ ად-დინს. ამ უკანასკნელმა პატივით მიიღო ქართველი სარდალი და სათანადოდ დააჯილდოვა კიდეც. რამდენიმე თვის შემდეგ შალვა ახალციხელი ჯალალ ად-დინმა სიკვდილით დასაჯა. ქართველი მემატიანის სიტყვით, შალვა მოიკლა სულთნის მიერ „არადატევებისათვის სჯულისა“. უცხოელი ავტორები სხვა ვერსიას გვთავაზობენ  შალვას ფარულად კავშირი ჰქონია გაბმული საქართველოს სამეფო კართან და მას ხვარაზმ-შაჰის გეგმებს აწვდიდაო, რის გამოც ჯალალ ად-დინმა სიკვდილით დასაჯა.
გარნისის ბრძოლის მსვლელობაზე, მის მასშტაბებზე ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა სახის მოსაზრებაა გამოთქმული. ივ. ჯავახიშვილი ამ მოვლენას საკმაოდ მოკლედ აღწერს: „ჯალალედინმა სამართლიანად უფრო ხელსაყრელად სცნო, დაუყოვნებლივ ბრძოლა დაეწყო და მოწინააღმდეგეზე უმალ იერიში მიეტანა. მისი ანგარიში მთლიანად გამართლდა: სასტიკსა და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჯალალედინმა გაიმარჯვა“. დ. გვრიტიშვილი უფრო ვრცლად საუბრობს გარნისის ბრძოლაზე და ჟამთააღმწერლის კრიტიკულ ანალიზსაც იძლევა. „ჟამთააღმწერელს  დასძენს ისტორიკოსი  გარნისის ომის აღწერის დროს მხოლოდ მეწინავე ნაწილის ბრძოლები აქვს აღწერილი და ძირითადი ბირთვი თითქოს არც ღებულობდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. ეს ცნობა მხოლოდ იმდენად უნდა მივიღოთ სარწმუნოდ, რამდენადაც მტრის პირველი დარტყმა მეწინავე ნაწილს უნდა მიეღო“. რ. კიკნაძე გარნისში ქართველთა დამარცხების მიზეზად ასახელებს ხვარაზმელთა მოულოდნელ თავდასხმას და სარდლის ივანე ათაბაგის მერყეობასა და ორჭოფულ მოქმედებას, რასაც სარდლის ხანდაზმულობით ხსნის. ნოდარ ასათიანი ქართული ჯარის ძირითად ნაწილს ბრძოლაში ჩართულად მიიჩნევს (ცენტრს და მარჯვენა ფრთას). სომეხი ისტორიკოსი ლ. ბაბაიანი ასეთ დახასიათებას აძლევს ამ შეტაკებას: „ბრძოლას გააფთრებული ხასიათი ჰქონდა, მხარეები საკმაოდ შეუპოვრად იბრძოდნენო“. აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ზ. ბუნიატოვი კი აღნიშნავს: „მაშინ ჯალალ-ად დინი თავად გაუძღვა ლაშქარს ქართველების წინააღმდეგ, სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა ქართველები, რის შემდეგ ისინი წელში ვეღარ გაიმართნენო“.
მსგავსი ციტატები სხვა ისტორიკოსთა ნაშრომებიდანაც შეიძლება მოვიხმოთ. ფაქტია, ყველა ისტორიკოსი ერთსულოვანია იმაში, რომ გარნისის ბრძოლისას სასტიკი შეტაკება გაიმართა ქართველებსა და ხვარაზმელებს შორის, მაგრამ, მთლიანობაში არის ორი დეტალი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას და კამათს იწვევს: I  ქართველთა მხრიდან რა ძალები დაუპირისპირდა ჯალალ ად-დინს და II – შეიძლება კი გარნისის ბრძოლა მივიჩნიოთ ისეთი მასშტაბის შეტაკებად, რომელში დამარცხების შემდეგ „ქართველები წელში ვეღარ გაიმართნენ“.
თვალი გავადევნოთ წერილობითი წყაროების მონაცემებს. ჟამთააღმწერელმა იცის, რომ ქართველთა ძირითადი ნაწილი ბრძოლაში არ ჩაბმულა. ხვარაზმელებს გააფთრებულ წინააღმდეგობას მხოლოდ წინამავალი უწევდა შალვა და ივანე ახალციხელის სარდლობით. მემატიანე აღნიშნავს: „ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა“. ვახუშტი ბატონიშვილიც საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „ათაბაგი სპითა უვნოდ წარმოვიდაო“. უცხოელი ავტორებიდან ამ დეტალზე ყურადღებას ამახვილებს სტეფანოზ ორბელიანი, კირაკოს განძაკელი, სტეფანოზ ეპისკოპოსი და ნაწილობრივ შიჰაბ ად-დინ მუჰამმად ან-ნასავიც. სტეფანოს ორბელიანი მოგვითხრობს ერთ უცნაურ დეტალზე: „ათაბაგმან... დაადგინა ორნი მაუწყებელნი – შალვა და გრიგოლ (?). უკეთუ ოდეს იხილონ მცირენი ძალნი ხორასნელთა, მაშინ უხმონ ძალთა ჩვენთა, უკეთუ: „მოვედით, მოვედით“. ხოლო მას, რომელი უფალი არს მძლეველობისა, ენება აღხოცვა... ამისთვის შეჰსცუალა ხმა მაუწყებელთა ყურთა მათთა შინა, უკეთუ „ივლტვოდეთ“. მაშინ მათ დაუტევეს უნჯნი კარავნი და ამხედრდენ მსწრაფლად ცხენსა და ვითარცა სულელნი უხლმოდ და უმდევროდ გარდაცვივდნენ დიდსა ხრამსა მას გარნისისა“. როგორც ვხედავთ, ძირითად შტრიხებში სომეხი მემატიანე ეთანხმება ჟამთააღმწერელს. ბრძოლაში ჩართულან მხოლოდ წინამბრძოლნი, დანარჩენი კი გაქცეულან. ამასთანავე, ისტორიკოსი საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას  ქართველებს არავინ არ მოსდევდა („უმდევროდო“). კირაკოს განძაკელი, მართალია, ქართული არმიის სრულ კრახზე მოგვითხრობს, მაგრამ ბრძოლის ეტაპები მასაც ზუსტად აქვს აღწერილი: შალვა და ივანემ „უბრძანეს დანარჩენ მეომრებს: „თქვენ ჯერ მოიცადეთ ჩვენ წავალთ და შევებრძოლებით მათ რიგებს; და თუ რომელიმე მათგანს უკან დახევას ვაიძულებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, თქვენც შეუტიეთ, მაგრამ თუ მათ დაგვამარცხეს, გაიქეცით და თავს უშველეთ“. და ისინი (ქართველები) აირივნენ სულტნის ჯართან და დაიწყეს მათი განადგურება. მაგრამ (დანარჩენმა) ქართველმა მეომრებმა ამას არ მიაქციეს ყურადღება და დაიწყეს გაქცევა, ისე რომ, უკანდახევისას საკუთარ მეგობრებს ვერ ცნობდნენ“. (იმ ფაქტს, რომ ქართველებმა ძირითადი დანაკარგი უკან დახევისას განიცადეს, სომეხი ისტორიკოსები ვარდან არეველცი და ანონიმი სებასტიელიც აღნიშნავს.) სხვათა შორის კირაკოს განძაკელიც მიუთითებს, რომ ჯალალ ად-დინს ქართველთა დევნა არ უწარმოებია. სომეხი მემატიანე სტეფანოზ ეპისკოპოსი (ზოგი მეცნიერი მას სტეფანოზ ორბელიანად მიიჩნევს, თუმცა, დღეისთვის მიღებულია, რომ იგი XIII ს-ის მიწურულს მცხოვრები ისტორიკოსი უნდა იყოს.) საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ქართველებმა უბრძოლველად დატოვეს გარნისი. „დიდმა მხედართმთავარმა ივანემ გამოიყვანა (ხვარაზმელთა წინააღმდეგ) 60 ათასი მეომარი. მაგრამ ღვთის რისხვა დაატყდა მათ... არ მიუღიათ რა ბრძოლა გარნისის მიდამოებში, მტრის გაუმარჯვებლად ისინი (ქართველები) უკუიქცნენ“.
გარნისის ბრძოლის თაობაზე მეტად მნიშვნელოვანია ან-ნასავის ცნობები. იგი ჯალალ ად-დინის პირადი მდივანი იყო და მოვლენების თვითმხილველი. ყველაზე მნიშვნელოვანი მის მონათხრობში არის დაღუპულ ქართველ მეომერთა რიცხვი. ისტორიკოსი მას 4 ათასით განსაზღვრავს. მიუხედავად მის მიერ დახატული მასშტაბური შეტაკებისა, მსხვერპლი კატასტროფული არ ყოფილა. ნასავიმ იცის, რომ ქართველთა არმიის ძირითადი ნაწილი გადარჩა. ეს უკანასკნელი ცნობა უფრო სანდოა, ვიდრე იბნ ალ-ასირის მონაცემები, თითქოს ქართველებს გარნისში 20 ათასი კაცი დაუკარგავს ანუ მთელი არმიის მესამედი. ნასავიმ შესანიშნავად იცოდა, რამდენი ქართველი მეომარი დაეცა ბრძოლის ველზე, ის ხომ ჯალალ ად-დინის უახლოეს წრეს ეკუთვნოდა.
ჩვენთვის საინტერესო საკითხზე მსჯელობისას, ასევე მნიშვნელოვანია ქართული ზეპირსიტყვიერების ცნობები. შალვა ახალციხელის ციკლის ლექსებში შემონახულია ერთი ლექსი  „შალვა შურისა მძებნელი“. იგი ასე მთავრდება:
„...კილოზე სისხლი სდიოდა,
თავის თავს არა სჯავრობდა,
თავისს სწორებსა სჩიოდა,
ორასი თურქის მომკვლელი
უომრობასა სჩიოდა...“.
როგორც ვხედავთ, გამალებულ ბრძოლაში მყოფი შალვა ახალციხელი „უომრობას სჩიოდა“. ხომ არ არის ეს იმ რეალობის გამოძახილი, რაც მოხდა გარნისში, როდესაც ბედის ანაბარად მიტოვებული ქართველი წინამბრძოლნი სამართლიან, თანასწორ ბრძოლას ნატრულობდნენ, „უომრობას სჩიოდნენ“.
ამდენად, გარნისის ბრძოლაში მთავარსარდლის უგუნური საქციელის გამო, ფაქტობრივად, საქართველოს არმიას მთელი თავისი შემადგენლობით მონაწილეობა არ მიუღია. მთლიანი დანაკარგი (მოკლულთა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით) 10% მეტი არ უნდა ყოფილიყო. ჯალალ ად-დინს არც უცდია ქართველებზე დადევნება, ის, პირიქით, სამხრეთით წავიდა და დვინი გარემოიცვა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გარნისში საქართველოს სამხედრო პოტენციალის სრული განადგურება არ მომხდარა. ჯარის ძირითადი ნაწილი კვლავ ბრძოლისუნარიანი იყო, მხოლოდ გულგატეხილი და ფსიქოლოგიურად დათრგუნული. პრობლემა არსებობდა არა უშუალო ჯარისკაცების დონეზე, არამედ უმაღლეს სარდლობაში, რომელმაც ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. შური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება? ზუსტად არავინ იცოდა თუ რა ედო საფუძვლად ივანე მხარგრძელის ასეთ საქციელს. ქართველი მემატიანე ამას სარდლის ახალციხელებისადმი შურით ხსნის. ფაქტი ერთია, ივანემ გაწირა წინამბრძოლნი და უარი თქვა ბრძოლაზე. უცხოური წყაროების თანახმად, ქართველთა არმიამ ძირითადი დანაკლისი უკანდახევისას განიცადა, როდესაც რამდენიმე ათასი მეომარი ღრმა ხევებში ჩაიჩეხა.
საერთოდ, ივანე მხარგრძელის დიდი მხედართმთავრობა ერთგვარი მითი იყო. ამ ადამიანის ბიოგრაფია მეტად საინტერესოა. ის ყოველთავის ძმის ზაქარია მხარგრძელის ჩრდილის ქვეშ იყო მოქცეული. ერთი რამ ნამდვილად ჰქონდა ივანე მხარგრძელს, პოლიტიკოსისათვის ყველაზე მთავარი  დროის შეგრძნება. ძმისაგან განსხვავებით, ივანე მართლმადიდებლად მოინათლა, რამაც მისი პოზიციები სამეფო კარზე უფრო განამტკიცა. შამქორში ივანე ვაჟკაცურად იბრძოდა, ყოველ შემთხვევაში ამას გვამცნობს მემატიანე. თამარის დროს მომხდარი ყველა დიდი ომის თანამონაწილე იყო და  კარგი სამხედრო რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ დამოუკიდებლად ჩატარებულ სამხედრო კამპანიებში, თითქმის ყველგან ფიასკო განიცადა (აქ არ იგულისხმევა თამარის დროს მთიულთა აჯანყების ჩაქრობა. დიდი სამხედრო შეტაკება ამ დროს არ მომხდარა). ქალაქი ხლათის გარემოცვისას, მაშინ როცა ხლათელები უკვე დანებებას აპირებდნენ, ივანე მხარგრძელმა ქალაქის კედლების დათვალიერება განიზრახა. შემოვლის დროს ივანეს ცხენს ფეხი თხრილში ჩაუვარდა და მხედარი გადმოაგდო. არაბი წყაროები იმასაც წერენ, რომ ამ დროს ათაბაგი კარგა გვარიანად ყოფილა ნასვამი და თანაც მხოლოდ მცირე ამალა ახლდა. ხლათელებმა ივანე შეიპყრეს. ამ ინციდენტის შემდეგ ხლათის შემოერთება ვერ მოხერხდა, ივანე იძულებული იყო თავისი ქალიშვილი თამთა გაეგზავნა სულთნისთვის ცოლად. ლაშა გიორგის დროს მონღოლთა შემოსევისას საგიმის ველზე ივანე ქართველთა ლაშქრის მარცხენა ფლანგს სარდლობდა. მტერმა მისი უკუქცევა მოახერხა, ხოლო ივანე ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გარნისში დამარცხებაც მის კისერზეა.
სწორედ ასეთი სამხედრო გამოცდილების ადამიანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ. მაგრამ ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელი, რომელიც ივანეს კრიტიკას არ ერიდება, არაფერს ამბობს მის სამხედრო გამოცდილების გამო. ის რატომღაც აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ივანემ ძმები ახალციხელები შურის გამო მიატოვა ბრძოლის ველზეო. რა უნდა ყოფილიყო ივანე მხარგრძელის მხრიდან შალვასა და ივანესადმი შურის მიზეზი?
იმ დროს ის მეფის შემდეგ მეორე კაცი და ქვეყნის რეალური გამგებელი იყო. მაგრამ აქ შური სხვაგვარად უნდა გავიგოთ. თამარის დროინდელ მხედართმთავრებიდან მოქმედი სარდლები დარჩენილი იყვნენ შალვა და ივანე ახალციხელები. თვითონ ივანე მხარგრძელი, როგორც მემატიანე დასძენს „მას ჟამსა მიმხცოვნებულ იყო“. ივანეს შემდეგ, სრულიად ბუნებრივია, ქვეყნის სამხედრო უწყების სათავეში მხარგრძელების მაგიერ ძმები ახალციხელები მოსულიყვნენ. ძმებმა ზაქარია და ივანე მხარგრძელებმაც ერთად დაიწყეს კარიერა, შალვა და ივანეც ერთად იხსენიებიან. რაღაც შეფარვითი კონკურენცია ყოველთვის იარსებებდა ძმების ამ ორ ტანდემს შორის. მაგრამ ზაქარია სანამ ცოცხალი იყო, მხარგრძელთა პოზიციებს სამეფო კარზე არავინ ემუქრებოდა. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ივანე ათაბაგი ხდება, თუმცაღა, ამირსპასალარის და მანდატურთუხუცესის სახელოებსაც იგი აკონტროლებდა.
აშკარა, ამ დროის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები უკვე ჩნდება. პოლიტიკური კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მაინცდამაინც დამარცხებული უნდა იყოს, ანდა აუცილებელი რომ შინაომი მძვინვარებდეს. თვით თამარის ეპოქაშიც კი, როდესაც ქვეყანა თავის განვითარების ზენიტშია, შეიძლება დავინახოთ ის ელემენტები, რომელმაც ქვეყანა მალე მიიყვანა კრიზისამდე. თუნდაც ავიღოთ ივანეს ათაბაგად დანიშვნა. ერთი კონკრეტული ადამიანისათვის შეიქმნა თანამდებობა, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში დამკვიდრებულ ცენტრალური ხელისუფლების მოწყობას. ამასთანავე, თამარის გარდაცვალებამდე და ლაშა-გიორგის დროს, ივანე მხარგრძელი, ათაბაგობასთან ერთად ამირსპასალარიცაა. თავისი ძმიშვილის მცირეწლოვნობის დროს, როგორც ჩანს, მას შეთავსებული უნდა ჰქონოდა მანდატურთუხუცესობაც. მოგვიანებით, ამირსპასალარობა მან საკუთარ შვილს ავაგ-სარგისს გადაულოცა. მაგრამ, ეს უკანასკნელი, ნომინალურად იქნებოდა ამ სახელოს მფლობელი. რეალურად, სამხედრო უწყებას ივანე განაგებდა. როგორც ვხედავთ, მხცოვანი ვეზირის გეგმები შორსმიმავალია. იგი ფაქტობრივად ცდილობს, თავისი მემკვიდრეობის მოწყობას. მხარგრძელთა ზაქარიას შტოს მანდატურთუხუცესობა დაუმკვიდრდა. ივანეს შვილი ჯერ ამირსპასალარია, ხოლო მამის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ათაბაგობასაც მიიღებს. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ როგორც შანშე ზაქარიას ძე, ასევე ავაგ-სარგისი ახალგაზრდები იყვნენ. ივანე მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ კი, როგორც ითქვა, ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა შეიძლება ახალციხელებისთვის გადაეცათ. ყველაზე მეტად სწორედ ისინი იმსახურებდნენ ამ თანამდებობებს. როგორც ჩანს, მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდა ივანე ათაბაგი და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს შეშვენის, მან ერთი ხელის მოსმით მოიშორა მხარგრძელთა ახალგაზრდა თაობისათვის ყველაზე საშიში კონკურენტები, მაგრამ სამაგიეროდ მის მიერ დადგმულ ინტრიგას ქვეყანა გადააყოლა.
* * *
ჯალალ ად-დინმა არ იცოდა რა კრიზისში იმყოფებოდა ქართული სახელმწიფო და მისი სამხედრო ძალები. ქართველებმა გარნისის შემდეგ თავისი სამხედრო პოტენციალი „გადაარჩინეს“ და ეს აკრთობდა ხვარაზმ-შაჰს. ჩვენი აზრით, ჯალალ ედ-დინმა რამდენიმე თვე მოანდომა საქართველოში არსებული ვითარების ზედმიწევნით შესწავლას და, მოგვიანებით, სწორედ ამან გააბედვინა მას თბილისზე ლაშქრობა. მანამდე კი ხვარაზმ-შაჰი ფრთხილად მოქმედებდა და ქართულ მხარეს დიალოგსა და მოლაპარაკებას სთავაზობდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий